TaoNews.Ge

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ დავტოვო პარლამენტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ დავტოვო პარლამენტი

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება სურს. ამის შესახებ დეპუტატმა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსული კანონის ანალოგს, “დროებას” განუცხადა.

“ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი. ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ მე დავტოვო პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი . 30 წელი ჯარში ვიყავი, ჩემი პირადი სურვილია, რომ გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, ამავდროულად ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ის ფიქრობს, რომ სხვა სამუშაოზე უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. ის, რომ მან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, დეპუტატის შეფასებით, ასევე არის ფაქტორი, რაც მას არ აძლევს “უფლებას და საშუალებას დარჩეს პარლამენტში”.

“მანდატს დავტოვებ და გამოვალ ალბათ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს”.

დეპუტატის თქმით, მისი პოზიციის შესახებ პარტიის ხელმძღვანელობაში ყველამ იცის, თუმცა “არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას”.

რაც შეეხება მის პოზიციას ზემოხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით:

“ჩემი პოზიცია რაც დავაფიქსირე, ეფუძნებოდა გარკვეულ ახსნას. მე ვფიქრობ არის საკითხები რაც შიდა პარტიულ განხილვას საჭიროებს, ვიდრე ასე საზოგადოდ მსჯელობას. ამას ჩემთვის დავიტოვებ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!