TaoNews.Ge

ვიქტორია ნულანდი: რუსებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია

ვიქტორია ნულანდი: რუსებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია

რუსეთმა „წარმოუდგენელი“ დანაკარგი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

„ვფიქრობ, რუსებმა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია“, – თქვა ნულანდმა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტის, Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნულანდის თქმით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი 10 ათასს აჭარბებს.

ჯერჯერობით რუსეთმა მხოლოდ ორჯერ გამოაცხადა მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ორჯერვე მონაცემები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე დასავლეთისა და უკრაინის ვარაუდები.

2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 489 სამხედრო მოსამსახურე, 25 მარტის მონაცემებით კი, დაღუპულთა რიცხვი იყო 1351.

უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის 17 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

ნულანდი მიესალმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში, მაგრამ თქვა, რომ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტის გარეშე.

რუსეთის მიერ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, რასაც მოსკოვი ჯარების პოზიციის შეცვლას უწოდებს, ნულანდმა თქვა, რომ „ესაა შედეგი უკრაინელების მედგარი წინააღმდეგობისა, რაც მათ კიევის შემოგარენსა და ჩერნიგოვში გასწიეს“.

ამავე დროს, მისი თქმით, „ჩვენ ვიცით, რომ ესაა მხოლოდ რუსეთის ჯარების გადაჯგუფება და რომ ისინი უკრაინის სხვა ნაწილებში დაბრუნდებიან და რომ ისინი განაგრძობენ მარიუპოლისა და ხერსონის, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილების დაბომბვას.“

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შესახებ საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ შესაძლებელია სადამსჯელო ზომების თანდათან შემცირება, თუკი მოსკოვი პროპორციულ ნაბიჯებს გადადგამს და საბოლოოდ შეაჩერებს ინტერვენციას.

„ამ კონფლიქტს რომ მოლაპარაკებების გზით ვაგვარებდეთ, რასაც უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოჰყვებოდა, მომავალში დაიცავდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფდა უკრაინის აღდგენას, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა სანქციების გაუქმება“, – თქვა ნულანდმა.

მაგრამ, მისი სიტყვებით, „ჩვენ ძალზე, ძალზე შორს ვართ ამისგან. „ეს არაა ის, სადაც ახლა ვიმყოფებით“, – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!