TaoNews.Ge

“ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი უპყრია, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ძალით ვერ წავართმევ”-ვასაძე

“ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი უპყრია, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ძალით ვერ წავართმევ”-ვასაძე

მინდა მე თუ არ მინდა – მე ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც უპყრია ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ვერ წავართმევ ძალით, ვერ დავიბრუნებ ძალით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მისი დანაშაული რუსეთთან ლაპარაკია, მაშინ ხალხი გაყვეს იმას, ვისაც ჰგონია, “რომ ამ ჩვენი გიგანტური ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, უფრო პროდუქტიულია მისი გაღიზიანება, მისი გამოწვევა და მერე მისი მოფრენილი თვითმფრინავების ხმაზე ლაჩარივით მიწაზე ხოხიალი და შიშისაგან “გალსტუკის” ჭამა”.

“გვინდა ხალხო სისულელეებზე დროის ხარჯვა?! და ვიდგე და თავი ვიმართლო, რომ მე კრემლის აგენტი ვარ და თურმე იმისთვის მოვსულვარ, რომ ეს ქვეყანა დავაქციო?! თუ ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მე ვამბობ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ოცნება არის აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება და დღიდან ჩემი საჯარო ცხოვრებაში შემოსვლისა მე გავაგრძელებ იმას, რასაც მრავალი წელია როგორც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი, კერძო პირი ვაკეთებდი, როგორც გამწარებული პრაგმატიკოსი და მცოდნე იმისა, რომ მინდა მე ეს თუ არ მინდა – მე ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც უპყრია ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ვერ წავართმევ ძალით, ვერ დავიბრუნებ ძალით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე, თუ ამიტომ ვარ მე მოღალატე, მაშინ გაყვეს ხალხი იმათ, ვისაც ჰგონია, რომ ამ ჩვენი გიგანტური ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რაღაცნაირად მოვატრიალოთ, დაველაპარაკოთ მიაჩნია, რომ პროდუქტიულია მისი გაღიზიანება, მისი გამოწვევა და მერე მისი მოფრენილი თვითმფრინავების ხმაზე ლაჩარივით მიწაზე ხოხიალი და შიშისაგან “გალსტუკის” ჭამა”, – განაცხადა ვასაძემ.

ამასთან ლევან ვასაძის თქმით, ქართველი ხალხი ბრძენია და „ვერ გამოათაყვანებენ“.

“როდესაც კაცი გამოდიხარ და კიარ გინდა ერთი თბილი ადგილი შენც დაითრიო ამ სისტემაში, რომელიც შენს ქვეყანას 30 წელია უკვე ანადგურებს; კიარ გინდა ჩაეწილო პრაქტიკულად სისხლის მსმელ სისტემას; კიარ გინდა უთხრა: „მეც მომე რა პატარა წილი ამ სალაფავში“, არამედ ღიად გამოდიხარ და უპირისპირდები, იმიტომ კიარა, რომ გიჟი ხარ იმიტომ, რომ ალალი გულით მოდიხარ. შენ შეიძლება ყველაზე ნაკლებად გჭირდებოდეს პირადად ეს რაღაც, მაგრამ შენ გესმის, რომ ვერასოდეს ვერ იქნება ქართველი ბედნიერი საქართველოს გარეშე და ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი, როდესაც ქვეყანას უჭირს, როცა ხალხი არის ღირსება აყრილი და დათრგუნული და როდესაც შენ აი ამ კამიკაძესეული განწყობით შედიხარ ამ უთანასწორო ბრძოლაში შენს ძმებთან, შენს დებთან, შენს მეგობრებთან ერთად მზად იყავი იმისთვის, რასაც ეს სისტემა გიზამს.

თქვენ ამ დღეებში და თვეებში მოგიყვებიან ჩემზე უამრავ რაღაცას და აბსოლუტური უმრავლესობა იქიდან იქნება ან მტკნარი სიცრუე, ანდა სიმართლეში გადაზელილი სიცრუე ჩვენი დისკრედიტაციისათვის, რაც ხშირად მტკნარ სიცრუეზე უარესიც არის ხოლმე.

ნუ გეშინიათ ხალხო – ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია და ვერ გამოათაყვანებენ, ვერ მოატყუებენ, ვერ გააბრუებენ მათ.

აი, როდესაც წერენ რომ მე თურმე ქალებს ვუპირისპირდები და “შლოპანცების” ჩაცმას ვუკრძალავ, რომ თითები არ გამოუჩნდეთ – ისინი მე კიარ მაყენებენ ამ სისულელეებით შეურაცხყოფას, არამედ იმ ხალხს, ვისაც ცდილობენ ასეთი ტყუილები მოახვიონ თავს და მე საერთოდ პასუხის ღირსადაც არ მიმაჩნია ასეთი უბინძურესი ცილისწამებები”, – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!