TaoNews.Ge

ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები – მამუკა მდინარაძე

ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები.

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში ძირითადი თავისუფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები ერქვა და ეს არჩევნები საქართველოში შედგა და მის შესახებ უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ. სწორედ იმიტომ, რომ რეალური იყო მოლოდინი ეუთო/ოდირისგან ასეთი დასკვნის, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა სპექტაკლები, რომელიც ამ ქვეყანაში ოპოზიციამ დადგა და ამით, პირველ რიგში, ქვეყანას მიაყენა ზიანი. ეუთო/ოდირის დაკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა. სამწუხაროა ყველაფერი დანარჩენი, სამწუხაროა ის, რაც არ ემსახურება სიმართლის საზოგადოებამდე მიტანას და სამწუხაროა, როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები. დღევანდელმა დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს შედგა კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას და მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა, თუნდაც პერმანენტულად, ყველა წესის დაცვით, მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ საკანონმდებლო ინიციატივების და ძალაში შესული ნორმების შესაბამისად იყოს წინაზე უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის კრიტიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მდინარაძემ დასძინა, რომ „ეუთო/ოდირს რომ დააბრალო კორუფცია, ეს არის ასტრალი და ამ ასტრალში ვერ შევყვები ვერავის“.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა. ამავე დოკუმენტის თანახმად, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიის წარმოება, ამასთან, კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს.

ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!