TaoNews.Ge

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე, თბილისსა და რუსთავში. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1989 წელს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

1992 წელს, ჟიული შარტავა, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ, სიცოცხლეზე იფიქრო“… _ ჟიული შარტავამ ეს სიტყვები, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა,  იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, სიკვდილის შემდეგ, ასევე, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!