TaoNews.Ge

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა დღესაც გადაადგილდება (ვიდეო)

“დიდი შვიდეული” – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები

“დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს.

ამის შესახებ G7-ის ქვეყნებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმა, რომელმაც დრამატულად იმოქმედა მშვიდობიან მოსახლეობაზე და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, და დაუყოვნებლივ გაიყვანოს რუსეთის სამხედრო ძალები.

“ჩვენ გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ ომის მსხვერპლების ოჯახებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მისი არჩეული მთავრობისა და მისი მამაცი ხალხისადმი ამ ყველაზე რთულ დროს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ შემდგომში დავეხმაროთ მათ.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, სრულად პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და ადამიანის უფლებათა კანონს. უკრაინის და გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს, სამედიცინო პერსონალს და არასამთავრობო დახმარების მიმწოდებლებს უნდა მიეცეთ უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი წვდომა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაღიარებთ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას, როგორც მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს. ეს უნდა განხორციელდეს საიმედოდ და სწრაფად. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გავზარდოთ ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რადგან უკრაინელი ხალხის საჭიროებები იზრდება რუსეთის აგრესიის გამო.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს თავდასხმები, განსაკუთრებით უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს. ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა და მუქარა ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც განკუთვნილია მშვიდობიანი მიზნებისთვის, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ კატასტროფული ჰუმანიტარული მსხვერპლით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შედეგად მიიღეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩენილა.

“ჩვენ დავაწესეთ შორსმიმავალი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების რამდენიმე რაუნდი. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

ჩვენ გვსურს რუს და ბელორუს ხალხს ნათლად ვუთხრათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციები არის შედეგი და მკაფიო რეაქცია პრეზიდენტ პუტინის უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომზე. პრეზიდენტი პუტინს, მისი მთავრობას , მხარდამჭერებს და ლუკაშენკოს რეჟიმს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ სანქციების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე.

ჩვენ ვგმობთ დეზინფორმაციის ფართოდ გამოყენებას რუსეთის მთავრობისა და მასთან დაკავშირებული მედიისა და მარიონეტების მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავუპირისპირდეთ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც. ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის განახლებული აგრესიით მიღწეული სტატუსის ნებისმიერი სავარაუდო ცვლილება არ იქნება აღიარებული”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!