TaoNews.Ge

დაზარალებული ჩვენ ვართ, პირადად მე – პრემიერი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ღარიბაშვილის თქმითვე, დაზარალებული თავადაა.

„ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს საჯარო სექტორში მომუშავე ვიყავი, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ ვიყავით. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონი ანზორ ჩუბინიძის გასაუბრება. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ, ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე. უბრალოდ, გასაუბრება მოხდა, მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამარავი მუქარა და შეუარცხმყოფელი მუქარები, აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს, ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია პოლიციის ჩართულობით მათ შორის, იმიტომ რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს, ასეთ დანაშაულს, როგორც ისინი გვიყვებიან და ყვებიან, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს, რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!