TaoNews.Ge

გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს – ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“

გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს – ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“

კრიმინალური გარჩევა გორში – 37 წლის შალვა გულიაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

არსებული ინფორმაციით, 16 წლიანი პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ​გულიაშვილმა, იგივე “სემსოტამ”, ასევე “კრიმინალური ავტორიტეტი” ზურაბ რიკრიკაძე იგივე “ტრუტი” ჩაცხრილა.

“მთავარის” ინფორმაციით კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო, რომელიც მალევე გამწვავდა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი საქმის გასარჩევად ვერხვების დასახლებაში დაიბარეს.

ქუჩური გარჩევისას მოკლული ზურაბ რიკრიკაძე მეტსახელად “ტრუტი” შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. ცნობილია რომ ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივზე რიკრიკაძეები არ საუბრობენ.

წყარო გვიყვება, რომ მოკლულ რიკრიკაძეს ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს ქვეშ ვინმე “ზერემ” რაღაც კომენტარი დაუწერა. მინაწერი შეურაცხყოფად მიიღო მისმა ძმისშვილმა თაზო რიკრიკაძემ და კომენტარის ავტორს საქმე ჯერ ტელეფონით გაურჩია, შემდეგ კი სალაპარაკოდ ვერხვების დასახლებაში ავტოსახელოსნოსთან დაიბარა. ამავე წყაროს ინფორმაციით, რიკრიკაძეებთან საქმის გასარჩევად “ზერემ” 16 წლიანი პატიმრობიდან რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლებული შალვა გულიაშვილი იგივე “სემსოტა” წაიყვანა. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მალევე გადაიზარდა, რა დროსაც “სემსოტამ” ტრუტის რამდენჯერმე ესროლა.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კადრები სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა შალვა გულიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა თავად “სემსოტა” ამ დრომდე დაკავებული არ არის.

ნათესავები ამტკიცებენ რომ გულიაშვილი უდანაშაულოა. ოჯახმა საქმეში უკვე ჩართო ადვოკატიც.

შალა გულიაშვილს მრავალ  წლიანი კრიმინალური წარსული აქვს. წლების წინ ის მანქანების ქურდობით იყო დაკავებული რომელსაც შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში ყიდდა. 2007 წელს ის დააკავეს. მის კრიმინალურ ისტორიაში არის სასამართლოდან გაქცევის უშედეგო ეპიზოდიც.

საბოლოოდ მას სასამართლომ 16 წლით  თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

წყარო- მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!