TaoNews.Ge

ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” აგონიაშია და რეპრესიებზე გადავიდა”

ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” აგონიაშია და რეპრესიებზე გადავიდა”

უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო. ამის შესახებ მოწერელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა.

– დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია “ქართული ოცნებისა” და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე.

ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. “ქართული ოცნება” ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.

ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, თანამოაზრეობის გულისთვის ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგონიაშია. ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით დევნა, – განაცხადა მოწერელიამ.

ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!