TaoNews.Ge

ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ სატელიტია, გიორგი გახარია კი ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია – ელენე ხოშტარია

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარია ტვ „პირველის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ სატელიტი უწოდა, ხოლო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესახებ თქვა, რომ მისთვის გახარია პრინციპულად მიუღებელია, რადგან 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ხოშტარიას თქმით, ის პრორუსულ ძალას „ოცნებას“ ებრძვის და მისი სატელიტის თანამებრძოლად ვერ იქნება.

„ჩემთვის გახარია არის პრინციპულად მიუღებელი. რამე ოთახი კი არ გავხსენით, სადაც შემოშვების პრინციპია. აქ არის საუბარი საერთო მიზანზე, საერთო მრწამსზე და საერთო ფასეულობებზე, თუ ვის აქვს. მე არ ვხედავ, რომ გიორგი გახარია, რომელიც პასუხისმგებელია ბევრ საპირისპირო რამეზე და ევროპაში მსვლელობას მანაც შეუშალა ხელი 20 ივნისით, მე მას თანამებრძოლად ვერ ვხედავ.

გიორგი გახარია თუ ჩათვლის, რომ ემსახურება ევროპულ პერსპექტივას და ამას გააკეთებს ხალხისთვის სარწმუნოდ, ეს ჩემი საქმე არ არის. ამასთანავე ალეკო ელისაშვილი დღეს არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. თავს ვერ მოვიტყუებთ, პირდაპირ ვამბობ, ის არის „ოცნების“ სატელიტი.

მე როცა ვებრძვი „ქართულ ოცნებას“ როგორც პრორუსულ ძალას, როგორ შეიძლება მისი სატელიტი იყოს ჩემი პარტნიორი? ამიტომ, მე არავის ვარჩევ, ვინც იმ საქმეში წამოვა, რომ ამხილოს „ქართული ოცნება“ , შექმნას პროევროპული დღის წესრიგი და დასავლეთს პერსპექტივა დაანახოს, ყველა იპოვის ამ სივრცეში ადგილს“, – აცხადებს ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!