მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ხალხზე ფიქრობს – ახლა ეს არის მუსკულების თამაში ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამაში „ქართული ოცნება“, კახიშვილმა განაცხადა, რომ “ყველას გულისხმობს”.
„დღეს არის ძალიან მძიმე პანდემიური მდგომარეობა. შეხედეთ, რამდენი გაჩერებული ბიზნესია, ხალხს უჭირს. ამ ფონზე, როდესაც ხალხს უჭირს და ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტად უნდა გავიშალოთ ველზე, ამ ადამიანებთან შეხვედრა გვქონდეს, ვკვეცავთ, ვცვლით თემას თემაში“, – აცხადებს კახიშვილი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც წლები გაატარა, ვერ გააკრიტიკებს, თუმცა შეიძლება რაღაც მოსწონდეს, რაღაც – არა.
„მე ოპოზიციაში ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, ვისთანაც გავატარე ბევრი წელი, არ ვუდგები. შეიძლება სადღაც წავიდე და ვიყო ჩემთვის, მაგრამ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ბევრი წელი გავატარე, ვერ დავჯდები და ვერ გავაკრიტიკებ. არის რაღაცები, რომ ადამიანმა წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს. იყავი 20 წელი, ყველა თანამდებობა შეიცვალე და ახლა წახვედი, ვის საქმეებს აკრიტიკებ? ამდენი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ, დღეს შეიძლება რაღაცა მომწონდეს, რაღაცა არ მომწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თუ არ მომწონს, წავიდე და მეორე დღეს ჩემი მეგობრების ლანძღვა დავიწყო, მეგობრების კი არა, თანაგუნდელების უბრალოდ, რომელთანაც კავშირი არ მქონია არანაირი, არც მეგობრული, მაგრამ ლამაზი არ არის“, – განაცხადა კახიშვილმა.