TaoNews.Ge

ცენტრ-პოინტის დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი: არავის მოგცემთ უფლებას, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოგვიყენოთ

ცენტრ-პოინტის დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი: არავის მოგცემთ უფლებას, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოგვიყენოთ

“ცენტრ-პოინტის“, „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებულთა საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა დეზინფორმაციული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება რიგი მედიასაშუალებების მხრიდან.
დაზარალებულთა თქმით, არის მცდელობა, შეფერხდეს თბილისის მერიის მიერ დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც წლობით გაჩერებული მშენებლობების დასრულებას ისახავს მიზნად. მათვე ხაზი გაუსვეს იმ ფატქს, რომ საუბარია 10 000-მდე ოჯახზე, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ემიგრაციაშია სწორედ იმის გამო, რომ წლებია საცხოვრებელი ბინების გარეშე არიან დარჩენილები.

დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრის, მარიამ ჩიმაკიძის განმარტებით, სრული სიცრუეა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაუსრულებელ მშენებლობებში საბიუჯეტო თანხები იხარჯება.

„ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს იხარჯება საბიუჯეტო თანხები, რათა აშენდეს ცათამბჯენი თბილისში. ასევე, თითქოს, ვაშლიჯვარში დამეწყრილ ზონაში კალაძის სტრუქტურამ გადაწყვიტა 28-სართულიანი შენობის აშენება. ეს არის მტკნარი სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო პერიოდში გახშირდა პოლიტიკური ნიშნით თავდასხმები ამ პროექტების მისამართით. 2007 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა აღნიშნულ ადგილას, აგროჰაბის უკანა ტერიტორიაზე, 18-სართულიან შენობაზე, რომელიც დღემდე ვერ აშენდა. კატეგორიულად მოვითხოვთ არავინ გაბედოს ამ საქმეში სხვანაირად მანიპულირება, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ჩვენი დაზარალება და არამგონია ვინმეს გააჩნდეს მორალური უფლება, ამ საქმეში იკირკიტოს და წარმოაჩინოს ისე, თითქოს მეწყერსაშიშ ზონაში მერიამ გადაწყვიტა 28-სართულიანი შენობის ჩადგმა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე“,- განაცხადა მარიამ ჩიმაკაძე.

როგორც „ცენტრ – პოინტის“ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და მოლაპარაკებები წარმატებულად, შედეგიანად მიმდინარეობს. მათივე თქმით, პროცესები გამჭვირვალეა და ყველაფერი მოსახლეობასთან შეთანხმებით იგეგმება.

„მერის მოადგილე ილია ელოშვილთან წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარალება, საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. ჩვენ ბოლო ფაზაში ვართ შესულები . კერძოდ, ეს ეხება 14 ობიექტზე სამშენებლო ნებართვების გაცემას. თბილისის მერიაში ნებისმიერ ნაბიჯს ჯერ ჩვენ გვითანხმებენ, ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებით და ჩვენთან ერთად კეთდება. აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და დღეს ძალიან ახლოს ვართ მიზანთან. მეწყერსაშიშ ზონაში არაფერი შენდება. არსებობს როგორც ძველი, ისე ახალი გეოლოგიური დასკვნა და იმ მეწყრულ არეალს ამ კორპუსთან შეხება არა აქვს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“,- განაცხადა მარიამ ჩიმაკაძემ.

“ცენტრ-პოინტის“, „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებულები აცხადებენ, რომ არიან სოლიდარულები ნებისმიერი გაჩერებული სამშენებლო ობიექტის საკითხის მოგვარების კუთხით. ისინი მოუწოდებენ კონკრეტულ მედისაშუალებებს, შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, სხვა შემთხვევაში იმოქმედებენ უფრო მკაცრად.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!