TaoNews.Ge

ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ევრობასკეტის დარბაზის მშენებლობა მოინახულა

ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ევრობასკეტის დარბაზის მშენებლობა მოინახულა

თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ფიბა-ევროპის დელეგაცია მისი აღმასრულებელი დირექტორის კამილ ნოვაკის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები 2022 წლის ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საქართველოში ახალი საკალათბურთო არენის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და შესაბამი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა მომავალში ევრობასკეტისა და მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და მისი ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ფიბა-ევროპის დელეგაციამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ მომავალი ევრობასკეტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა საერთო პროექტი განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შემდეგი განცხადებები გაკეთდა.

კამილ ნოვაკი (ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი): “შესანიშნავია აქ ყოფნა და იმის ხილვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, დარბაზის მშენებლობა ასეთი პროგრესით მიმდინარეობს. ამას ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე აუცილებლად აღვნიშნავთ. ჩვენ დარბაზის  მშენებლობის პროცესს ლაივ რეჟიმში მუდმივად ვადევნებთ თვალს, თუმცა ადგილზე შეფასება სრულიად განსხვავებულია. დღეს აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად არა მხოლოდ მონიტორინგის, არამედ მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით ვიმყოფები. სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი საკალათბურთო დარბაზი გვინახავს და ვფიქრობ, ჩვენი რეკომენდაციები საჭირო და გამოსადეგი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტის ჩატარების შემდეგ, ქვეყანას მემკვიდრეობად ფანტასტიური სპორტული არენა დარჩება”.

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): “დღეს ერთობლივი, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. სასიხარულოა, რომ დარბაზის სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობასკეტამდე, მომავალი წლის თებერვალში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსაც სწორედ ამ ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველად, ჩვენს ქვეყანას ექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის საკალათბურთო დარბაზი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ფიბას მოთხოვნებს და 2022 წლის ევრობასკეტს მაღალ დონეზე, წარმატებით  ვუმასპინძლებთ”

წყარო : popsport.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!