TaoNews.Ge

 “ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება”- ნატო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ნატო-ს“: ვინც ახლა უკრაინის ცის დაცვაზე ყოყმანობთ, მზად ხართ თუ არა, იყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ რუსული რაკეტა ატომურ ელექტროსადგურებს არ მოხვდება? მზად ხართ, საკუთარი შვილები გასწიროთ?

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უკრაინის ცის დაცვაზე უარის თქმის გამო, მწვავედ აკრიტიკებს. უწყების პირველი პირი ნატოს მოუწოდებს იმ საფრთხის გააზრებისკენ, რომელიც უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„დღეს მე მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. დღეს ასობით ათასი უკრაინელი, საკუთარი სიცოცხლის, ნათესავებისა და, თუნდაც, ბავშვების სიცოცხლის ფასად, აფერხებს აგრესორის სხვა ქვეყნებში შეჭრას.

ამავე დროს, ნატო უარს ამბობს უკრაინის თავზე ცის დახურვაზე. 21-ე საუკუნეში, მკვლელობების, მიზანმიმართული დაბომბვის, საცხოვრებელ კორპუსებზე, საავადმყოფოებზესამშობიაროებზე, საბავშვო ბაღებზე სარაკეტო თავდასხმებისა და ერთ-ერთი ევროპული ერის განადგურების შესახებ არგუმენტები საკმარისი არ არის.

ვინც ახლა უარს ამბობს ცის დახურვას უკრაინის თავზე, უნდა გაიხსენოს 1986 წლის აპრილი. შაბათი ღამე, 26 აპრილი. გახსოვთ? ეს ის ღამე იყო, როცა კატასტროფა მოხდა. კატასტროფა, რომელიც ყველაზე მასიურად მიიჩნევა ატომური ენერგიის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისი შედეგებით დაზარალებულთა რაოდენობით, ისე – ეკონომიკური ზარალის მხრივ. ჩერნობილის ავარიის შედეგად წარმოქმნილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილიც, ევროპის უდიდესი ნაწილი და აშშ-ის აღმოსავლეთიც მოიცვა.

დღეს საუბარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში. ჩერნობილის ავარიის შედეგები, მხოლოდ ერთი ელექტროსადგურითაც კი, კატასტროფული იყო მსოფლიოსთვის. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ კიდევ ერთი რუსული რაკეტა მოხვდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ექვს ენერგეტიკულ ერთეულს აერთიანებს.

ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ისევე, როგორც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. ენერგოდარის მიზანში ამოღება, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ერთად, შემთხვევითი არ ყოფილა. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. რუსეთმა ჩაიდინა ბირთვული ტერორისტული აქტი. ჩვენ სასწაულებრივად გაგვიმართლა, რადგან იქ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შეიძლება, ხვალინდელი დღე ასეთი იღბლიანი აღარ იყოს.

თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, შედეგები დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ამ მასშტაბის ბირთვული კატასტროფა გადააჭარბებს ყველა წინა ავარიას, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებში მომხდარა, მათ შორის – ჩერნობილისა და ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფის ჩათვლით.

ახლა ჩნდება კითხვა: არის თუ არა მსოფლიო მზად ჩერნობილზე ექვსჯერ დიდი კატასტროფისთვის? ყველა, ვინც ახლა ყოყმანობს იმაზე, არის თუ არა აუცილებელი უკრაინის თავზე ცის დახურვა, მზად არის თუ არა, რომ მხოლოდ უკრაინელების კი არა, საკუთარი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობაც გასწიროს? აქ საუბარი არ არის ომზე სადღაც შორს, უკრაინაში. ეს თქვენს უსაფრთხოებასა და მთელი მსოფლიოს წინაშე არსებულ ბირთვულ საფრთხეს ეხება.

ასე რომ, შეაფასეთ შექმნილი სიტუაცია. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მზად ხართ თუ არა, იყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ რუსული რაკეტა არ მოხვდება ატომურ ელექტროსადგურებს, რადგან „შემთხვევით“ არც სხვა რაკეტები მოხვერდია ​ სახლებსა და საბავშვო ბაღებს. პრევენციული სანქციები არაა ამოქმედებული. ახლა ყველა შორიდან, ტელევიზორებში აკვირდება ამ ყოყმანის შედეგებს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!