TaoNews.Ge

“სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?”- სულხან მოლაშვილის მამა

“სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?”- სულხან მოლაშვილის მამა

ოპოზიციონერი ლიდერების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას „პოლიტპატიმრად“ აღიარებას სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმიანება. მისი განცხადებით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კოჰაბიტაციის გამო, მისი შვილის მწამებლები დღემდე დაუსჯელი არიან.

სულხან მოლაშვილის მამის თქმით, „ქართული ოცნების ხელისუფლებაში გაუგებრად და უცოდინრად იქცევიან, რადგან არაპროფესიონალები არიან“, ის ასევე აცხადებს, რომ „დღეს ქართულმა ოცნებამ ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, რადგან მათი საბალახო ადგილი აქ აღარ არის“.

სულხან მოლაშვილი ამქვეყნიდან ისე წავიდა, ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწია. ამას ბატონი თამაზი დღეს განსაკუთრებით განიცდის.

“დღეს ისეთ პირებზე გაიძახიან პოლიტპატიმარიაო, გასაკვირია. “ოცნებაზე” ახია, რასაც “ნაციონალები” მათზე ამბობენ, მაგრამ საწყალმა ხალხმა რა დააშავა? ჩემმა ოჯახმა რა ტანჯვაც გამოიარა, ვინმეს ახსოვს? ვინმემ გამოიძია სულხანის დაკავებისა და წამების ამბავი? არადა, სტრასბურგმა სიცოცხლეშივე გაამართლა, პუნქტებად ჩამოაყალიბა, რა უფლებები იყო დარღვეული და დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, სულხანის წამების საქმე გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. მელიასთან პრეტენზია არ მაქვს, კარგი ბიჭია, კარგი მამის შვილია, მაგრამ ის პოლიტპატიმარი არ არის, უტვინო “ქართული ოცნება” მათ სალაპარაკოს აძლევს… ვინც ნამდვილი პოლიტპატიმრები იყვნენ, იმათზე ხმას არ იღებენ. გიორგი რურუა პოლიტპატიმარია? რურუამ თავისი სიმართლე დაამტკიცოს – ჭირისუფალი სასტიკ ბრალდებას უყენებს და ეს ხომ უნდა გამოიძიოს ვინმემ? ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ეს კოაბიტაცია მოიგონეს.

ძალიან ცუდად იქცევა “ქართული ოცნება”, გაუგებრად, უცოდინრად – არ არიან პროფესიონალები. დღეს ქართულმა ოცნებამ ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, რადგან მათი საბალახო ადგილი აქ აღარ არის. როცა სტრასბურგმა სულხანი გაამართლა, მთავრობას დაავალა, ეს საქმე გამოიძიეთო. კარგა ხანს ძვრა რომ არ იყო, სულხანს ვუთხარი, რატომ არ იძიებენ-მეთქი. მითხრეს, განცხადება დაწერეო. მერე რატომ არ წერ-მეთქი? მამა, მე იურისტი ვარ, ვიცი, საქმის წარმოებას რა უნდა, მურუსიძემ, კუბლაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმა რაც მიქნეს, ის განცხადებაში დავწეროო? ხომ იციან, საქმის გამოძიებას რა სჭირდება და მე თავს სამასხარაოდ არ ავიგდებო. როცა სტრასბურგმა დაგავალა, საქმე გამოიძიეო, რად უნდა ამას ახალი განცხადება? სულხანს ციხეში ჰეპატიტი დამართეს და ერთი წელი კაციშვილმა არ უმკურნალა, სანამ სტრასბურგმა არ მიუთითა, უმკურნალეთო. მერე გადაიყვანეს “რეზბალნიცაში”. დროზე რომ ემკურნალათ, იქნებ ჩემი შვილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო.

ძალიან გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან. ამბობდა, ასეთი იურისტების ხელში სამართალს ვერასოდეს ვიპოვითო.

მელიას უნდა პოლიტპატიმარი დაირქვას და გმირად წარმოჩნდეს, მაგრამ სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ, სინდისი არა აქვთ?

29 ივნისს ხუთი წელი გახდება, რაც სულხანი აღარ არის და ამ ხუთი წლის განმავლობაში დღე არ გათენებულა, არ მეთქვას, როდის ეშველება ამ ქვეყანას-მეთქი. მარტო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ახსენებს ხოლმე სულხანს, სხვას არავის ახსოვს. ერთხელ უდუმაშვილმა თქვა, არ გამიგია, სულხანი როდის აწამესო. ნამუსი აქვს ამ ადამიანს?” – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!