TaoNews.Ge

“სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში დევნილებს საცხოვრებლის შესაძენად მეტ თანხას მისცემენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

“დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება. ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა როგორია დევნილთა საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტილებები და ამის გასარკვევად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება “სოფლად სახლის შეძენის” პროექტს და ახალაშენებულ კორპუსებში ბინის ფართის ზრდას შეეხო.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, რეგიონებში სახლის შეძენისთვის გამოყოფილი თანხა სულადობის მიხედვით 5 000 ლარით გაიზარდა. ასევე, ცვლილება შეეხო 9 და მეტ სულიან ოჯახებს, რომლებიც თითოეულ წევრზე დამატებით 3 000 ლარს მიიღებენ.

“ოჯახი, რომელიც 1 ან 2 წევრისგან შედგება ახალი წესით, 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარის ღირებულების სახლს შეიძენენ; ოჯახისთვის, რომელიც შედგება 3 წევრისგან – 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარია გამოყოფილი; ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან – 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარის ღირებულების საცხოვრებლის შეძენას შეძლებს; ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან – 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარად გასაყიდ სახლს შეიძენენ; ოჯახი, რომელიც შედგება 6 წევრისგან – 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარიან საცხოვრებელს იყიდიან; ოჯახი, რომელიც შედგება 7 წევრისგან – 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარის ღირებულების საცხოვრისს იყიდიან; ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარად სახლს შეიძენენ, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3 000 ლარით გაიზრდება აღნიშნული ოჯახებისთვის საცხოვრებლების შეძენისას გამოყოფილი თანხა.” – განმარტავენ უწყებაში.

რაც შეეხება ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებისთვის ბინის გადაცემის პროექტს, ესეც სულადობაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ პროექტში ცვლილება ფართის 5მ2-ით ზრდას შეეხო.

“30-40მ2-ის ფართის ერთოთახიანი ბინა 1-2 მოსახლესთვის არის გათვალისწინებული, 50-60მ2-ის ფართის ოროთახიანი ბინა 3-4 მოსახლესთვისაა, 70-80მ2-ის ფართის სამოთახიანი ბინა 5-6 მოსახლეზეა გათვლილი, ხოლო 90-100მ2-ის ფართის ოთხოთახიანი ბინა 7-8 მოსახლეზეაგათვალისწინებული.” – აცხადებენ უწყებაში.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა.

“უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინეთ თავად დევნილი ოჯახების მოთხოვნები. იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება. ამასთან, იზრდება „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

წყარო : პრაიმტაიმი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!