ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დღითიდღე მატულობს. ამის შესახებ რუსული გამოცემა championat.com იუწყება.
„თუ „რუბინის“ შემადგენლობაში ქართველი ვინგერის საგმირო საქმენი შეიძლება კონტინენტური გრანდებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ახალგაზრდა ტალანტისთვის იდეალური ვიტრინაა. „კვარას“ გოლს ევროპის სამგზის და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონების კარში ესპანეთის და არა მარტო ესპანეთის ტელევიზიით არაერთხელ დაატრიალებენ“ – წერს გამოცემა.
„მართალია, საქართველომ ესპანეთთან ვერ მოიგო, მაგრამ კვარაცხელიამ მატჩი, უდავოდ, საკუთარ აქტივში ჩაიწერა, ვინაიდან მან გოლი გაიტანა. ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია „ტრანსფერმარკეტის“ ექსპერტების შეფასებით, რუსეთის პრემიერ-ლიგის ყველაზე სწრაფად მზარდი ფეხბურთელების ხუთეულში შედის“ – წერს championat.com.
გამოცემის ინფორმაციით, თუ კვარაცხელიას სავარაუდო ფასი აქამდე 10 მლნ ევროს შეადგენდა, ახლა ეს ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.