საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე, რომელმაც ბულგარეთში ითხოვა თავშესაფარი საქართველოში პოლიტიკური დევნის გამო, პოლიციამ მოკლე ხნით დააკავა და სცემა. ამის შესახებ მან დღეს განუცხადა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს. ინციდენტი მოხდა 27 მარტს დილით.
თოფურიძის თქმით, 30 წუთში ის გაათავისუფლეს, ვინაიდან პოლიციამ მისი დაკავება შეცდომად მიიჩნია.
რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა თოფურიძის მონაყოლის დადასტურებისთვის მიმართა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ჯერჯერობით მისგან პასუხი ვერ მიიღო.
ვიდეოზე, რომელიც თოფურიძემ გადაიღო, და რომელიც რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა მოიპოვა, ჩანს, როგორ მიდის მის ბინაში პოლიცია, ჯიბეში უდებს გამჭვირვალე პარკში ჩადებულ ნივთს. ისმის მუშტის დარტყმების ხმა და ყვირილი – „ეს ჩემი არ არის!“ და „მიშველეთ!“. კადრს მიღმა ხმა, რომელიც თოფურიძის ხმისგან განსხვავდება ამბობს: „ეს ჩემია“.
პოლიციის მიერ სოსო თოფურიძის დაკავების ფაქტი დაადასტურა ადვოკატმა ველიკა ანდონოვამ, რომელიც საჩივარს ამზადებს. დაზარალებულს აღენიშნება ჰემატომები.
პოლკოვნიკი სოსო თოფურიძე საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას მოადგილე იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში.
მან ბულგარეთში ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ უარი მიიღო ჯერ ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოსგან, შემდეგ კი ორი ინსტანციის სასამართლოებისგან. მიზეზად დასახელდა ის, რომ მოიპოვება რამე მტკიცებულება, რომ მას მართლაც სდევნიდნენ.
17 მარტს ბულგარეთის სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს თოფურიძის მიმალვის საფრთხე და ის გირაოთი გაათავისუფლა, სანამ დასრულდება საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმე.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ეს თოფურიძის დაკავების მეორე შემთხვევაა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან მიმალვაშია. საქართველოში მას ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში.
თავდაპირველად სოსო თოფურიძე რამდენიმე წელი თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა.
წყარო : რადიო თავისუფლება