რუსეთისა და ჩინეთის მცდელობების გამო, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მეშვეობით მსოფლიოში გავლენა მოიპოვონ, ევროპა ახალი ტიპის მსოფლიო ომის წინაშე დგას, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა, რომელსაც კრემლი ჩვეული რიტორიკით გამოეხმაურა და აბსოლუტური სიცრუე უწოდა.
აღნიშნული განცხადება მაკრონმა ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროსთან” გააკეთა. მისი თქმით, „რუსეთისა და ჩინეთის მისწრაფებების გამო, ვაქცინების საშუალებით გავლენა მოახდინონ, ევროპაც თავდასხმების წინაშეა”. საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვაქცინების წარმოების საკითხში ევროპა მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„ჩვენ შევქმენით ვაქცინის წარმოების შესაძლებლობა და ვართ მეორე თაობის ვაქცინების განვითარების პროცესში, “- აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა და დასძინა, რომ ევროპა 2021 წლის ზაფხულისთვის გეგმავს, კოვიდ-19-ის ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდეს.
კრემლი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას არ ეთანხმება, რომ რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დახმარებით „ახალი ტიპის მსოფლიო ომს” აწარმოებენ, – თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ბატონი მაკრონის ეს განცხადება ალბათ, ჩვენი აბსოლუტური უთანხმოების სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით იმას, რომ რუსეთი, ან ჩინეთი რაღაც ომს აწარმოებენ,” – თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ „რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრია”.
მანამდე ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთის „სპუტნიკ V” ვაქცინა არ სჭირდება.
„სპუტნიკ V” საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ”, – აღნიშნა ბრეტონმა.