TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას – თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით

თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე , – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისსა და რამდენიმე ევროპულ ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას.

,,მე მაქვს სამი წუთი, რომ მოგმართოთ. ეს პირველი წუთი მინდა, წუთიერი დუმილი მივუძღვნა სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულებს, ჩვენს ჯარისკაცებს, მათ, ვინც მსახურობდა სახანძრო ეკიპაჟში, მათ, ვინც მუშაობს პილოტად. ვინც ქვეყნის დასაცავად გმირობას სჩადის სხვადასხვა სფეროში და ამისთვის სიცოცხლე გაწირა. მოვიხსენიოთ მათი სულები“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას და დასძინა, რომ მეორე წუთს რუსეთის აგრესიის დროს გარდაცვლილ მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნის პატივისცემას უთმობს.

,,მეორე წუთი მინდა მივუძღვნა ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას, სამოქალაქო საზოგადოებას. იმ ადამიანებს, მოზრდილებს და ბავშვებს, რომელთა რაოდენობაც ათეულობით და ასეულობითაა, ისინი ვინც დაიღუპნენ და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მოვიხსენიოთ ისინი წუთიერი დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მესამე წუთი უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვისთვის გამოიყენა და ევროპელ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუკი უკრაინა გაიმარჯვებს ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება, თავისუფლების გამარჯვება, სინათლის სიბნელეზე გამარჯვება.

,,მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. და თუ გავიმარჯვებთ. ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას.

თბილისი, პარიზი, ლიონი ,ბრატისლავა , ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!