TaoNews.Ge

ოპოზიცია – “პროგრესი გვაქვს, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული”

ოპოზიცია – “პროგრესი გვაქვს, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული”

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

“ქართული ოცნებისა” და ენმ-ის შემდეგ, დანიელსონი ერთობლივად შეხვდა “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ევროპული საქართველოს”, “გირჩის” და “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერებს.

“ოპოზიციის ამ ჯგუფში ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხრიდან და გვაქვს ძალიან ცოტა დრო, სანამ ეს ადამიანი აქ არის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას”, – განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მონაწილეებმა თქვეს, რომ დღევანდელი შეხვედრა ბევრად უფრო ინფორმატიული იყო და შარლ მიშელის მიერ 6-პუნქტიანი ჩარჩო მონახაზით გათვალისწინებულ საკითხებზე უკვე დეტალური მსჯელობა გაიმართა.

“დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მოლაპარკება გრძელდება. დღეს მოლაპარაკებებში ნამდვილად გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. კრისტიან დანილესონის წასვლამდე კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა. დღის ბოლომდე გეცოდინებათ, მოხდება თუ არა შეთანხმება”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ.

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს და თქვა, რომ კრისტიან დანიელსონმა “საკმაოდ სერიოზული სამუშაო გასწია”.

“ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ”, – აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძის ცნობით, რიგგარეშე არჩევნები არის ცენტრალური საკითხი მოლაპარაკებებზე და მიმდინარეობს საუბარი ფორმულაზე, თუ რა ვადებში და რა ფორმით მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებზე. “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ ვადამელი არჩევნების თარიღსა და წინაპირობებზე სამი ალტერნატიული წინადადება დააყენა.

“პროგრესი გვაქვს განხილვებში, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს”, – დასძინა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!