TaoNews.Ge

ნინო ლომჯარიამ არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყება მოითხოვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არჩევნების გადადების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

– რატომ არავინ მსჯელობს – პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას მაშინ, როცა ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია, – თქვა ნინო ლომჯარიამ .
ნინო ლომჯარიამ ასევე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში პანდემია  არა ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხდება.

– საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.

არ შეიძლება მაშინ, როცა დღეში 60-70 ადამიანი იღუპება, ყველაფერი იყოს ღია.

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა.

ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ, – თქვა ლომჯარიამ.

ტვ პირველი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!