TaoNews.Ge

“მხოლოდ თავმდაბალ, მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი, ეს არის პირობა, ღმერთის თანაზიარი გავხდეთ”- მეუფე შიო

მხოლოდ თავმდაბალ, მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი. მხოლოდ ეს არის პირობა, ღმერთის ბუნებისა და იესო ქრისტეს თანაზიარი გავხდეთ, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ დღევანდელი დღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. მისი თქმით, ქრისტემ ამ დღეს უკანასკნელად შეკრიბა მოწაფეები, მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.

„დააარსა ევქარისტიის, ზიარების საიდუმლოება, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. ეს საიდუმლო სერობა ის ევქარისტია, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა, იგივეა, რაც ყველა ტაძარში სრულდება. ჩვენი ყველა წირვა და ლიტურგია იმ ლიტურგიის ნაწილია, ვინაიდან ის სერობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დროის მიერია.

იმ სერობაზე უფალმა აიღო პური განტეხა და თქვა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი“ და აკურთხა ღვინო და თქვა: „ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“. ეს მარადიულად განიტეხება და ჩვენ ვეზიარებით იმ სერობას უფალი იესო ქრისტეს მიერ შესრულებულს. ამ საიდუმლოებას ეწოდება ევქარისტია ანუ მადლიერება და ეს არის უმაღლესი ფორმის მადლიერების გამოვლინება ადამიანის მიერ იმიტომ რომ, რა შეუძლია ადამიანს უძლურსა და ცოდვილს ღმერთს მისცეს? მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, ღმერთის ნება შევასრულოთ და მისი მადლობლები ვიყოთ “, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ღმერთის ნებაა, რომ ვმონაწილეობდეთ ზიარების საიდუმლოში, ეს არის მისი სურვილი.

„მეორე დიდი მაგალითი დღეს, რაც იესო ქრისტემ დაგვიტოვა, როგორც ანდერძი, ეს არის ის, რომ მან ფეხები დაბანა თავის მოციქულებს და თქვა, რომ როგორც მე დაგბანეთ ფეხები, თქვენ ერთმანეთს დაჰბანეთ ფეხებიო. ამით სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.

იესო ქრისტემ პირველი ვის დაბანა ფეხები? პეტრე იყო, რომელიც იმავე დღეს უღალატებს. ის ამბობს შენთვის სიცოცხლეს დავთმობო, მაგრამ საბოლოო ჯამში უღალატებს. თვითონ პეტრეც იესო ქრისტესთან შედარებით უღირსი იყო, აღარ ვლაპარაკობ იუდაზე, აი მათ ბანს ფეხებს და ამით მაგალითს გვაძლევს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი სხვა ადამიანისგან და დავფიქრდეთ გვაქვს თუ არა ასეთი შინაგანი განწყობა. ალბათ, შორს ვართ ასეთი დამოკიდებულებისგან.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა მოგცეთ ასეთი განწყობა, რადგან მხოლოდ თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესა და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი და მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ გავხდეთ თანაზიარნი ღმერთის ბუნებისა და იესო ქრისტესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიარებაც ამაო იქნება. ასეთი დიდი სიყვარულის დღე არის დღეს. ასეთი სიყვარული გამოვლინდა საიდუმლო სერობაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!