TaoNews.Ge

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება

მეგის ქარდავა და მუხაძე პატიმარს არაარსებული ტერაქტის აღიარებისთვის აწამებდნენ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების მუხლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს ბრალი წარუდგინა. მუხაძე სხვა საქმეებზეცაა ბრალდებული, თუმცა ის მიმალვაშია. პროკურატურის განმარტებით, ამ საქმეზე ქარდავას მანამდე ჰქონდა ბრალი წარდგენილი.

საქართველოს პროკურატურის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე, ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს დაკავების საფუძვლის შესაქმნელად.

„სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა, მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.

ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო მან თვითმკვლელობა სცადა.

აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.

დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას,  წამებისათვის – ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. პროკურატურის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებული ბ.რ-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით, და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან
კოპირება აკრძალულია!