TaoNews.Ge

მაკედონიასთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.

„საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის.

ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერთი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.

ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთ მიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშვნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო.

შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!