TaoNews.Ge

„კონსერვატიული მოძრაობა“ უახლოეს ხანში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარება და მოხდება გამოსავლის გზების ძიება

„კონსერვატიული მოძრაობა“ უახლოეს ხანში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარება და მოხდება გამოსავლის გზების ძიება

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“  უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს ვიზიტს, სადაც განიხილება რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარება და გამოსავლის გზების ძიება მოხდება. ამის შესახებ, დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პრესკონფერენციაზე „კონსერვატიული მოძრაობის“  თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოსთვის საბაზისო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით უნდა განხორციელდეს.

ზურაბ მახარაძის განმარტებით, ყოველგვარი გადამლაშების გარეშე რეგიონში სიტუაცია უაღრესად კრიტიკულია და გარკვეული ქმედებების განხორციელება აუცილებელია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში უკრაინის საზღვართან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი არ მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დრამატულად იზრდება. ცალსახად არის დასახელებული მიზეზი, რის გამოც ეს სამხედრო ესკალაცია ამ ზღვრამდე მივიდა. რუსეთმა დაასახელა თავისი პირობები, რომ საქართველო და უკრაინა არ და ვერ გახდებიან ნატოს წევრები და თუ ამ მიმართულებით დიპლომატიური შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ რუსეთი ამ პრობლემას სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით გადაჭრის“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, თუ უკრაინაში დაიწყება ომი, დიდი ალბათობით საქართველო რეალურ საფრთხეში აღმოჩნდება, თუმცა ამ ვითარებაში ქართული პოლიტიკური ელიტა მორიგი უაზრობებით არის დაკავებული და საფრთხის მასშტაბებს ვერც კი აცნობიერებს.

„ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება, რომელსაც ქართული სახელმწიფო არ იყენებს, ეს არის 3+3 ფორმატში მონაწილეობა. ერთადერთი, ვინც რეგიონში ჯიუტად და არარაციონალურად იქცევა, არის საქართველო. ჩვენი გამოსავალი, რაც შეგვიძლია მოსახლეობას შევთავაზოთ, როცა გვყავს სრულიად უუნარო პოლიტიკური სპექტრი, არის შემდეგი – უნდა დავიწყოთ დიპლომატიური ურთიერთობები იმ დონეზე, რომელზეც შესაძლებელია. პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ იწყებს მოქმედებას ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი ონლაინ კონფერენცია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. ამ პირველმა კონფერენციამ მოიტანა ის, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაჩნდა სურვილი, რომ უკვე ადგილზე მოხდეს უფრო მაღალი დონის ფართომასშტაბიანი შეხვედრა და იქ დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი”, – აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

გიორგი ქარდავამ პრესკონფერენციაზე პარტიის სამოქმედო გეგმა გააჟღერა. მისი თქმით,  „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალური პარტიული სახით უახლოეს ხანებში აპირებს ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში, სადაც საკანონმდებელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე გაიმართება შეხვედრები. გარდა ამისა, დაგეგმილია საკონსულტაციო-საექსპერტო კონფერენცია რუს და ქართველ სპეციალისტებს შორის.

„სასაუბრო საკითხი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა, გამოსავლის ძებნა, 3+3 ფორმატის შესახებ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ასევე, საკითხები განხილული იქნება სუფთა ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ჭრილში – როგორებიც არის ავიამიმოსვლების აღდგენა, სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. ნიშანდობლივია, რომ ეს შეხვედრა იქნება სახალხო ფორმით, ანუ პირდაპირი დიალოგის სახით, ყოველგვარი მესამე მედიატორების გარეშე. ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთლიანად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ და ნაციონალურ ინტერესებს, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“, – აღნიშნა გიორგი ქარდავამ.

ზურაბ მახარაძის განცხადებით, ერთადერთი წითელი ხაზი, რომელსაც დიალოგისას არ გადაკვეთენ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

„როდესაც ჩვენ ჩავალთ ამ შეხვედრებზე, გვექნება ერთადერთი წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავკვეთთ – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ყველაფერი დანარჩენი ექვემდებარება დიალოგს და უნდა იყოს განხილული. ჩვენი ამოცანაა, იმ დონეზე, რა დონეზეც ამ მომენტში შეგვიძლია როგორც ახლად შექმნილ პარტიას, ვეძებოთ საშუალებები, რათა საქართველომ არ გაიზიაროს ის კატასტროფული ბედი, რომელიც იმედი გვაქვს რომ არ მოხდება, მაგრამ ძალიან დიდი შანსია, რომ უკრაინის თავზე დატრიალდეს. როგორც ჩვენ, ისე უკრაინამ საერთაშორისო ურთიერთობებში ავირჩიეთ პარტნიორი, რომელიც არ არის მზად ბოლომდე დაიცვას თავისი მოკავშირეები, ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ამ კონკრეტულ რეგიონში საკუთარი უსაფრთხოების პრინციპების გატარებაზე, საკითხს აყენებს ცალსახად – თუ თქვენ აგრძელებთ ნატოში ინტეგრაციას, მაშინ ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს მოქალაქეებმა ერთხელ უკვე ვნახეთ ეს რას ნიშნავს. უნდა გავაცნობიეროთ მარტივი ჭეშმარიტება – ან ჩვენ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ისინი, ვისზეც ფსონი გავაკეთეთ და ვხედავთ, რომ არ და ვერ უზრუნველყოფენ, ან უნდა დავლაგდეთ იმ მხარესთან, რომელთანაც კონფლიქტი გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების, როგორც მინიმუმ, გაჟღერება მოხდეს, რათა საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოს ჰქონდეს ალტერნატივა იმ ჯოჯოხეთიდან, რომელიც შეიძლება მალე უკრაინაში მოხდეს“, – აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

რაც შეეხება ამ ეტაპზე საქართველოსთან შესაძლო დიალოგის საკითხზე რუსეთში არსებულ განწყობებს, პარტიაში აცხადებენ, რომ რუსული მხარისგან არის დიალოგის სურვილი, თუმცა ისინი ვერ ხედავენ მხარეს, ვისთანაც შესაძლებელი იქნებოდა ეს დიალოგი.

„ქართულ პოლიტიკურ ელიტას პირდაპირ აკრძალული აქვს, რომ საქართველოს ინტერესებზე ისაუბროს მეტროპოლიის ანუ კოლექტიური დასავლეთის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ საგარეო პოლიტიკის კეთების უფლება გვაქვს ჩამორთმეული და რადგან საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ არის ამის გამკეთებელი, ამის გაკეთება მოგვიწევს ჩვენ“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!