TaoNews.Ge

“მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს”- კელი დეგნანი

კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით

ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ – სტაბილური, უსაფრთხო აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მან ვაშინგტონიდან გაავრცელა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, შეერთებული შტატები არის ქართველი ხალხისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი.

„სულ მალე დავასრულებ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების კვირას ვაშინგტონში და მოუთმენლად ველოდები კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნებას. ვაშინგტონში ყოფნისას შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან, საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ, დროც განსაკუთრებით კარგი იყო შერჩეული რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მსურს, გაგიზიაროთ ვაშინგტონში მიღებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე. პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი, მუშაობს მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად.

ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროკავშირში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც ვაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე.

ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. შეერთებული შტატები არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდამჭერი, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოკიდებლობის სიყვარულს.

ამ კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ – სტაბილური, უსაფრთხო აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!