TaoNews.Ge

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმე – პოლიციამ მოკლულის ცოლი დააკავა

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დააკავეს. ტვ პირველის ინფორმაციით, ქეთი ჩხაიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მოკლულის დედა, ხათუნა რაზმაძე, ამბობს, რომ მისი რძალი მკვლელობის უშუალო მონაწილეა.

ოჯახი დაკავებულის კანონის მთელი სინკაცრით დასჯას ითხოვს. ღუნაშვილის ოჯახის ინფორმაციით,  ქეთი ჩხაიძემ 33 წლის ქმარი მოკლა და გვამი გადამალა.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა.  მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.  ფაქტზე ღუნაშვილის მეგობარი დააკავეს. რამდენიმე კვირის წინ ტვ პირველის შაბათის ეთერში, მოკლულის ოჯახი საუბრობდა, რომ მკვლელობაში მონაწილე პირებს შსს-ს მაღალჩინოსნები მფარველობენ. ოჯახი რძლის დაკავებას მოითხოვდა.

3 დღის წინ ღუნაშვილის მეუღლის სახლთან მამაკაცის ოჯახის წევრები მივიდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს.

ამ აქციის გამო, დედამთილს რძალმა პოლიციაში უჩივლა.

ხათუნა რაზმაძე აღნიშნავს, რომ ქეთი ჩხაიძე არა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, არამედ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის უნდა დაისაჯოს.

მისი თქმით, 33 წლის კაცი, ცოლმა შვილების თვალწინ მოკლა და გვამი გადამალა:

“რაღაცნაირად ის დიდი ტკივილი მომეშვა, რომ ამოსუნთქვის საშუალება მაინც მექნება, მაგრამ ეს ქალი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, განა მარტო იმიტომ, რომ ქმარი მოკლა, კიდევ იმიტომ, რომ საჩივარი შეიტანა ჩემს სახელზე, რომ თურმე სახლში მივუვარდი და შვილები შევუშინე. ქალმა, რომელმაც საკუთარი ქმარი შვილების თვალწინ მოკლა, ბავშვების მამა მოკლა და გადააგდო…  მისი დაჭერა ჩემთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბოლომდე მივყვები საქმეს, არ დავიხევ უკან, სანამ სათანადოდ არ დაისჯება. უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს.”

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქეთი ჩხაიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!