„ტვ პირველმა“ რამდენიმე ქალბატონი ჩაწერა, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. როგორც ამირან გამყრელიძემ ახლახან განაცხადა, „ფაიზერის“ გაკეთების შემთხვევაში ფილერმა შესაძლოა, ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.
ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი, ვერ ხედავს კავშირს ვაქცინასა და ფილერს შორის, მაგრამ მიყვება ექიმების რეკომენდაციას.
“ძალიან დავიბენი, ვერ ვაკავშირებ ფილერსა და აცრას ერთმანეთთან, თუმცა მაინც მივყვები ექიმების რეკომენდაციას. თანახმა ვიყავი, რომ აცრა გამეკეთებინა, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, თუმცა თუკი ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიშია ქალბატონებისთვის, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, მაშინ თავის შეკავება მოგვიწევს. თუკი იუმორისტულ გადახვევას გავაკეთებთ, ქალბატონების 60% ვერ აიცრება, იმიტომ, რომ ყველას რაღაც გვაქვს გაკეთებული” – ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი
მოდელი ნუკი კოშკელიშვილის თქმით მას ფილერი გაკეთებული აქვს და აცრის გაკეთებასაც აპირებს.
“ვფიქრობ, ყველას პირადი გადაწყვეტილებაა და უცხოურ პრესაში მსგავსი არაფერი მინახავს. მე არ ვარ სანდო წყარო, ადამიანი შეიძლება უბრალოდ, იმით მენდოს, რომ მე ფილერი მაქვს გაკეთებული და აცრასაც ვაპირებ”- ამბობს მოდელი
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა არ აპირებს აცრის გაკეთებას და თვლის რომ ეს ინფორმაცია მისთვის კარგია.
“მე ისედაც არ ვაპირებდი ვაქცინის გაკეთებას, ჩემთვის კიდევ უფრო კარგია ეს ინფორმაცია, რადგან ორი დღის წინ გავიკეთე თვალის ამოვსების პროცედურა და ფილერი ამ შემთხვევაში ფარად გამომადგა. ფილერი გაკეთებული აქვს, ჩემი აზრით, სრულიად ქვეყანას, არა მხოლოდ გოგონებს, არამედ ბიჭებსაც, მე ვიცნობ ბევრს. აქედან გამომდინარე, ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება”- ამბობს ხატია სიჭინავა