TaoNews.Ge

ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის ისტორია

ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის ისტორია

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:56  საათზე გადმოვიდა.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

იერუსალიმში ჩასული ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი მოგვითხრობს: “დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმევა “კირილეისონ”, ჩამოდის ანგელოზი და ანთებს კანდელს… პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს, ხოლო იგი – მრევლს.”

ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, კესარიის მიტროპოლიტი არეფა X საუკუნის დასაწყისში წერდა: “ქრისტიანები დგანან აღდგომის ტაძარში და აღავლენენ უფლის სადიდებელ ლოცვას – უფალო შეგვიწყალე. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება ელვა, რომელიც ანთებს კანდელს, საიდანაც ცეცხლს იღებენ იერუსალიმის მცხოვრებნი.”

IX-XVI საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა წყაროებში 45 უტყუარი ისტორიული მოწმობაა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლისა.

გამონაკლისი იყო მხოლოდ 1001 წელს, როდესაც ის მომდევნო დღეს – აღდგომის კვირას გამოჩნდა და კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ელვამ ტაძრის კარიბჭის სვეტი გახლიჩა და წმინდა ცეცხლი იმ ადგილიდან, სადაც საუკუნეებია, ეს სასწაული ხდებოდა, რამდენიმე მეტრში გადმოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთის მიხედვით, ოსმალო სულთნის ხელშეწყობით სომეხ სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ტაძარში არ შეუშვიათ და დიდ შაბათს ლოცვათავად ჩაუტარებით, მაგრამ ცეცხლი გარეთ მხოლოდ იმ სვეტზე გადმოსულა, რომელთანაც ბერძენი მართმადიდებელი ეპისკოპოსი იდგა თავის სამწყოსთან ერთად.

ქრისტეს აღდგომის (აღმოსავლური ტრადიციით), ანუ უფლის საფლავის (დასავლური ტრადიციით) ტაძარი IV საუკუნეში აშენებულა. ქართველი ბერები წმინდა მიწაზე უკვე ამ ეპოქიდან ჩანან. X საუკუნიდან აღდგომის ტაძრის ნაწილი ქართველთა ხელთაა.

ფრიად საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმ. საფლავის ეკლესიის გასაღებიო.” ამას ადასტურებს 1480-1483 წლები აღწერისას ფელიქს ფაბრი: “წმ. საფლავის ეკლესიას, ასევე რომ ვთქვათ, აქვს სამი შესასვლელი… მეორე შესასვლელი… ჭიშკრით იხურება და ურდულით იკეტება; ამ კარის გასაღები ამჟამად ლათინი ძმობის წევრებს ეკუთვნის, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ქართველები ფლობდნენ.”
ბუნებრივია, უფლის საფლავზე ქართველთა ყოფნა ადრე შუა საუკუნეებიდან არის სავარაუდო და ამდენად, ისინი ამ დიდი სასწაულის მომსწრენი და მონაწილეებიც იქნებოდნენ საუკუნეების განმავლობაში.

1899 წელს ეპისკოპოსმა პეტრე კენჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში და აღწერა – “დღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისა.“ ამ მონათხრობით დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა 115 წლის შემდეგაც. “დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი… დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ” და „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა”! შესავალი კუვუკლიისა ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა… საფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა.

ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკლესიაში აღელვება, ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ-ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა… წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!