TaoNews.Ge

ვილი სანიოლი: საქართველოსნაირი გუნდი რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევს

ვილი სანიოლი: საქართველოსნაირი გუნდი რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევს

საქართველოს ნაკრები შვედეთში იმყოფება და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩისთვის ემზადება. მატჩამდე ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ფრანგი სპეციალისტის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

სანიოლი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე, მიზნებზე, სიტუაციაზე და გეგმებზე საუბრობს. გარდა ამისა, მან საფეხბურთო კარიერაც გაიხსენა, უფრო კონკრეტულად 2006 წლის მუნდიალი და ზინედინ ზიდანის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

– როგორ დაინიშნეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად?

– ვცდილობდი ეროვნული ნაკრები ამერჩია და არა კლუბი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგ გერმანიაში ხშირად მითამაშია. მათგან დაუყოვნებლივ ვიგრძენი ნდობა და წინადადება სიხარულითა და ამბიციით მივიღე.

– თქვენ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდით, შემდეგ ორი სეზონი „ბორდოში“ იყავით და ბოლოს „ბაიერნში“ ასისტენტად. რამ გამოიწვია საერთაშორისო ფეხბურთში თქვენი დაბრუნება?

– საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გატარებული დროით ნამდვილად ვისიამოვნე. სანაკრებო ფეხბურთი უფრო მიზიდავს და მინდოდა საკლუბოს შემდეგ დავბრუნებულიყავი. ახლა იმ ქვეყანაში ვარ, რომელსაც სურს განვითარება განაგრძოს და სადაც შემიძლია სასარგებლო როლი შევასრულო. ჩემთვის ეს შუალედური პროექტია, რადგან ამ სიტუაციაში ხანგრძლივი პროექტი არ არსებობს. საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელებს ახლა გაურკვეველი პერიოდი აქვთ, კარგი პროექტები შეიძლება სწორ დროს არც გამოჩნდეს.

– როგორი განწყობით დაგხვდათ ნაკრები და ქვეყანა?

– დიდი იმედგაცრუება და მწუხარება შევამჩნიე, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში დამარცხდნენ. ამასთან, ეს ცხადყოფს, რომ კვალიფიკაცია კვლავ მიღწევადია და პოტენციალი არსებობს. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთან მუშაობა ყოველთვის სასიკეთოა, რადგან ხედავ, როგორ პროგრესირებენ. ეს პროექტი იმიტომ მომწონს, რომ საჭირო დროს გამოჩნდა და რეალისტური გამოწვევაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ როგორც ფედერაციის, ასევე გუნდურ დონეზე არსებობს პროგრესის გაგრძელების სურვილი.

– კონკრეტულად რა მიზანი გაქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში?

– წინასწარ მიზანი დასახული არ არის, რადგან ვიცით, რომ რთულ ჯგუფში ვართ, რომელშიც ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებია, რომელთაც ჩვენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მისიაა კვალიფიკაციის ამაღლება. საკმარისი ხარისხი გვაქვს, ამბიციური, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ, საკუთარი თავისთვის შეზღუდვები არ უნდა დავაწესოთ. გვინდა საკუთარი სათამაშო სტილი და თვითმყოფადობა გვქონდეს, იმის მიუხედავად ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

– როგორ განსაზღვრავთ ამ იდენტობას?

– ეროვნული ნაკრების მიზანია თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირება, სწრაფად თამაში. მოთამაშეები უნდა იყვნენ თავდაჯერებულნი და სჯეროდეთ თავიანთი თვისებების, უნდა წავიდეთ რისკზე. ისეთ გუნდს, როგორიც საქართველოა, შანსი არ ექნება, თუ არ გარისკავს. შეგიძლია უბრალოდ თავი დაიცვა და მეტოქის შეცდომის იმედზე იყო, მაგრამ მეტოქის შეცდომები ამბიციური თამაშით უნდა გამოიწვიო. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ყველას აქვს სურვილი კურსი შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელ შედეგებს მოითხოვს, რადგან სწორედ ეს განიჭებს თავდაჯერებას. ქართველები ამაყები არიან და არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ ევროპულ სცენაზე და შეუძლიათ მამოძრავებელი ძალა გახდნენ.

– რა იქნება საქართველოსთვის კარგი შედეგი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე?

– თამაშის ხარისხიდან გამომდინარე კარგი იქნება მესამე ადგილზე გასვლა. მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, განსაკუთრებით ახლანდელი ვითარებიდან, როცა ყველაფერი უფრო რთულადაა და სტადიონები ცარიელია. მე დიდ პატივს ვცემ პროფესიონალებს, რომლებიც ამჟამად გულშემატკივრების გარეშე თამაშობენ. ეს არ არის მარტივი და ბევრ თავგანწირვასა და მენტალიტეტს მოითხოვს. ამ რთული ვითარების მიუხედავად წარმატებას უნდა მივაღწიოთ.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!