TaoNews.Ge

ერთადერთია წმინდა გიორგი ასე, ამ ფორმით გამოსახულია გურიაში XIII-XIV საუკუნეების  წმინდა გიორგის ეკლესიაში

ერთადერთია წმინდა გიორგი ასე, ამ ფორმით გამოსახულია გურიაში XIII-XIV საუკუნეების  წმინდა გიორგის ეკლესიაში

გველეშაპი კი არ მოკლა, კი არ განგმირა შუბით, დაიმორჩილა, მოაშინაურა და მოყავს ასე სასხვათაშორისოდ ბაწრით, ძაღლივით..
ერთადერთია წმინდა გიორგი ასე, ამ ფორმით გამოსახულია გურიაში  სოფ აჭში  XIII-XIV საუკუნეების  წმინდა გიორგის ეკლესიაში.

აჭის ეკლესია მდებარეობს ოზურგეთიდან 9 კმ-ზე, სანისლობოს მთის ძირში, მდინარე აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი შემაღლებულ ბაქანზე დგას. მას ერთ მხარეს ხრამი აკრავს, რომელიც მდინარეზე ეშვება.

აჭის ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. მდინარე აჭისწყლის პირას ახლაც არის დიდი ლოფი – “დევის ქვა”. ეკლესიის აგება კი ხალხს არ გამოდიოდა. ერთ დღესაც ნახეს მტრედების მიერ დაწყობილი ნაფოტები, რომელსაც ეკლესიის ფორმა ჰქონდა და სწორედ იქ ააშენეს ტაძარი.

არქიტექტურული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნეების მოტივები, მაგრამ მასში არის XIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტური ნიშნები. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XIII საუკუნის მიწურულით ახსიათებენ. აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.

აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. 1625 წელს სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია, მას შესწირა გლეხები ბეგარით, ტყით და წყლით და მისცა უფლება ტყეებში მონადირებულ ნანადირებზე. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო.[1]აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. XVII საუკუნის ბოლოს წინამძღვარი იყო ნიკოლოზ თაყაიშვილი. XVIII საუკუნეში წინამძღვარი იყო იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ ჯუმათის ეპისკოპოსიგახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი. აჭის ტაძარს საკმაოდ დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და დიდი ზარი ჰქონდა, რომლის ხმა ლიხურამდე აღწევდა.

აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ. დღესდღეობით ეკლესიას, გალავანსა და ფრესკებს სჭირდებათ რესტავრაცია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!