TaoNews.Ge

 დღეს ტირის დედა ღვთისმშობელი და ამ დღეს ტირის მთელი სამყარო 

 დღეს ტირის დედა ღვთისმშობელი და ამ დღეს ტირის მთელი სამყარო.
დიდი პარასკევი(წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.
ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.
ტროპარი: მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.
კონდაკი: რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, “მამაო ჩვენოს” გალობის შემდეგ კი ტროპარის “მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი” გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და “საფლავში” დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. “ღვთისმშობლის გოდებაც” აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!