TaoNews.Ge

გიორგი გახარია: ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს გუშინწინდელი დღე და იქ უნდა დარჩეს. ოცნება არის საქართველოს გუშინდელი დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ხვალინდელი დღე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარია დღეს ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გალაქტიონ (გაგა) ღუდუშაური წარუდგინა.

„სამი თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ზუსტად 1 წლის წინ მე აქ ვიდექი და თქვენთან ერთად ამ ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობდი, ოღონდ ოცნების მხრიდან.“ -მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.
„ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ავხსნა, – განსაკუთრებით აქ, დღეს. პრობლემა ის იყო, რომ რაღაც მომენტში ერთმა ცალკე აღებულმა პარტიამ ჩათვალა, რომ პარტიული ინტერესები უნდა დაეყენებინა უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები და ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. ეს არის მთავარი, რის გამოც მე მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა.“ – განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რომ ლანძღვა ურთიერთბრძოლა და დაპირისპირება ქვეყანაში უნდა დასრულდეს. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნაძალადევის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატიც ოცნების რიგებიდან მოდის.
„სხვათაშორის, ეს ბიჭიც, ძაან კარგი ახალგაზრდა კაცი, გალაქტიონ ღუდუშაური – ეს კაციც იქიდან მოდის და ჩვენ ბევრნი მოვდივართ იქიდან. და დღესაც ვამბობთ, იქ ოცნებაში დღეს ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარია, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნების დღევანდელმა ბოსებმა გადაწყვიტეს აირჩიონ ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა. ფაქტიურად,  ამით გვაბრუნებენ წარსულში და ჩვენ წარსულში არ გვინდა. ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს გუშინწინდელი დღე და იქ უნდა დარჩეს. ოცნება არის საქართველოს გუშინდელი დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ხვალინდელი დღე. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც ბოლო წლების განმავლობაში გაგვიკეთებია, იქ ბევრი შეცდომაც დაგვიშვია, მაგრამ ბევრი კარგიც არის. ეს კარგი უნდა შევინარჩუნოთ და იმაზე უნდა გავაგრძელოთ უკეთესის დაშენება. ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ არ გვინდა გუშინწინდელ დღეში დაბრუნება და არც გუშინდელ დღეში ცხოვრება არ გვინდა.” განაცხადა გახარიამ.
„ღირსეული, კეთილსინდისიერი პროფესიონალები უნდა იდგნენ ყოველთვის ჩვენს გვერდით და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის,  ერთად ყველამ უნდა ავაშენოთ ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. ისეთი სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს ხანდაზმულებზე, ჩვენს სოციალურად დაუცველებზე – სახელწიფო, რომლის განსახიერებაც უნდა იყოს კეთილსინდისიერი მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმი, საჯარო მოხელე და რაც შეეხება თბილისს, ყველა ხომ ვხვდებით, რომ ძლიერი სახელმწიფოს გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება და პირიქით, ძლიერი თბილისის გარეშე სახელმწიფო ვერასოდეს ვერ იქნება ძლიერი.” – ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი.

გიორგი გახარიამ აღნიშნა რომ ქალაქის განვითარებაში შერჩევითობა არ უნდა იგრძნობოდეს.
„იმის მიუხედავად რომ ბევრი რამ გაკეთდა, დღეს თბილისში  ბევრი პრობლემაა  და მთავარი პრობლემა, და ძირითადი გულისტკივილი არის, რომ თბილისში რაღაცა თუ კეთდება და თბილისს რაღაცა რესურსი თუ აქვს – არათანაბრად არის ეს გადანაწილებული და რაღაც შერჩევითობა იგრძნობა უბნების მიმართ, ამ უბნებში გარკვეული ქუჩების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში უნდა დასრულდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია აი ამ შერჩევითობასთან. არ უნდა არსებობდეს არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და ეს გაუთავებელი ბიუროკრატია უნდა დასრულდეს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„სადაც არ უნდა იკითხოთ, მე ყოველთვის ასე მიცხოვრია და მიმუშავია – ერთ ადამიანს ვერ ნახავთ ჩემს გარშემო, ვინც რაიმე ნათესაური ან მეგობრული პრინციპით იყოს შერჩეული – ერთსაც ვერ იპოვით – ყველა პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის.  აი ეს კაციც – გაგას ორი თვის უკან არც ვიცნობდი, მაგრამ შემდგომ რომ შევხვდით, ერთი საათი ვილაპარაკეთ, ორი საათი ვილაპარაკეთ –  სამჯერ შევხვდით, ოთხჯერ შევხვდით – აშკარა გახდა, რომ ამ უბნისთვის ეს იქნებოდა ღირსეული წარმომადგენელი – ახალგაზრდა კეთილსინდისიერი კაცი.  ჩვენ თუ ახალგაზრდებს არ გავუხსენით გზა და გაგასნაირმა ბიჭებმა თუ არ იგრძნეს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის უბანზე, თავის ქალაქზე და თავის ქვეყანაზე –  წინ ვერ წავალთ.” – განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა რომ ქალაქის რესურსების განკარგვაზე გადაწყვეტილებების მიღებაში ძირითადი ხმა მოქალაქეებს ეკუთვნით და არა თანამდებობის პირებს.
„თბილისში ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა არის დასალაგებელი ბევრ უბანში: გზა, კანალიზაცია, წყალარინება, წყალი, ელექტროენერგია… ბაღი, სკოლა, საავადმყოფო – და სანამ ეს არ მოგვარდება, მანამდე აი ამ რაღაც ფუფუნების თემებზე საუბარი არ შეიძლება,  ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. არ შეიძლება მაგალითად, თემქაზე და გლდანში იყოს ერთი მდგომარეობა და სადღაც სხვა უბანში იყოს მეორე მდგომარეობა.  ამის უფლება არც მთავრობას არა აქვს და არც მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. უნდა გვესმოდეს რომ, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, დიდი ხანი კიდევ არ გვექნება ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი და საკმარისი ფული. მთავარი პრობლემა ყოველთვის იქნება პრიორიტეტები როგორ გავანაწილოთ: აქ გზა გავაკეთოთ, თუ იქ წყალგაყვანილობა, აქ ელექტროენერგია მოვაწესრიგოთ თუ იქ ბაღი ავაშენოთ და ამ გადაწყვეტილებაში პრიორიტეტები როგორი უნდა იყოს, ძირითადი ხმა უნდა ეკუთვნოდეთ მოქალაქეებს და არა თანამდებობის პირებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ იქ ადგილზე რა ხდება. ასეთი შეცდომები მეც დამიშვია, მე არ ვამბობ რომ ანგელოზი ვარ, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი გადადგომიდან იყო ხალხთან სიარული და სულ სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი. ასე ღია საუბარს  როგორც ჩვენ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ – ძალიან დიდი ფასი აქვს.“ – მიმართა გახარიამ ნაძალადევში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!