TaoNews.Ge

“გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები, შევდივართ მესამე ტალღაში” –  ამირან გამყრელიძე

არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები რამდენიმე რეგიონში.

„ეპიდვითარების კუთხით, ბოლო ორი კვირაა, ტენდენცია გაუარესდა. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოვუწოდებთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ბოლო 2 დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრაზე მიმართვიანობა. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ კი 1000-ზე მეტი, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში. კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, გუშინწინ და გუშინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია. გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!