საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ექსპერტებთან ერთად შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე.
“ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა”. – თქვეს შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.