კლინიკა “მედკაპიტალის” გარდაცვლილი ექიმი 52 წლის ლალი ჯავახიშვილია. ის კლინიკაში ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობდა. მედიკოსს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და როგორც ცნობილი გახდა 5 დღის წინ, სუნთქვის უკმარისობით და ბრონქიალური ასთმით “ჩაფიძის” კლინიკაში მოათავსეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ფაქტს სწავლობს, თუმცა აცრასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკა “მედკაპიტალსა” და “ჩაფიძის” კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ ექიმის გარდაცვალების ან მისი მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაცია გახდა. ლალი ჯავახიშვილის სამსახურში აცხადებენ, რომ ის ქრონიკული პაციენტი იყო, რის გამოც ხშირად გადიოდა ბიულეტენზე.
“ჰქონდა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა. ჟანგბადდამოკიდებული იყო ეს ქალბატონი. მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. გულის უკმარისობა ჰქონდა, კარდიალური ასთმა და გულ-ფილტვის უკმარისობით ეს პაციენტი გარდაიცვალა.
ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, დაახლოებით, 2 კვირის წინ და მაშინ ისეთი დამძიმებული არ იყო. დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად,” – აღნიშნა ჩაფიძის სახელობის კლინიკის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამაზ მაღლაკელიძემ.
“16-შია ვაქცინირებული, 9 დღე იარა ჩვეულებრივად სამსახურში, პაციენტებს ღებულობდა. დატვირთული და მოთხოვნადი ექიმი იყო. საერთოდ არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ზოგადად ეს ქალბატონი ქრონიკული პაციენტი იყო და ხშირად უწევდა ბიულეტენზე გასვლა. 16 რიცხვში აცრილი პაციენტი 26 რიცხვამდე სამსახურში დადიოდა. 26 მარტს გავიდა ბიულეტენზე, შემდეგ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა და გუშინ გარდაიცვალა” – განაცხადა “მედკაპიტალის” კლინიკის დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ.