TaoNews.Ge

 ბაიდენი სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შესაბამის განცხადებას თეთრი სახლის ლიდერი 24 აპრილს გააკეთებს, როდესაც სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. თეთრ სახლში გამოცემის წყარო აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული და შესაძლოა, ბაიდენი შემოიფარგლოს ფორმალური განცხადებით, რომელშიც გენოციდის აღიარება არ იქნება ნახსენები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების შემთხვევაში ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდება. რამდენიმე დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

წინა წლებში ბაიდენის წინამორბედები – დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა ამ საკითხზე საუბრისას სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებისგან თავს იკავებდნენ. 2019 წელს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღეს რეზოლუციები, რომლებშიც 1915 წლის მოვლენებს სომეხთა გენოციდი უწოდეს, რასაც თურქეთის უკმაყოფილება მოჰყვა.

22 მარტს ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.

ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.

მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას.

თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!